გიგა ბოკერია - განცხადება, რაც მელიასგან მოვისმინეთ, მხოლოდ დაცინვას იმსახურებს
გიგა ბოკერია - განცხადება, რაც მელიასგან მოვისმინეთ, მხოლოდ დაცინვას იმსახურებს

ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს პოლიტიკური ლიდერისგან ასეთი განცხადება, რაც მელიასგან მოვისმინეთ, მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობაა, საჭიროდ მიმაჩნია, პასუხი გავცე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკერიას თქმით, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი როცა იჩენს არათანმიმდევრულობას, ამას მოყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც ვითარებას საღად ხედავენ.

„ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი როდესაც ხარ, შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არა მხოლოდ შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ოპოზიციურ ამომრჩეველზე. როცა იჩენ უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულობას, როცა გუშინ ნათქვამს დღეს გადათქვამ, დაპირდები ხალხს, რომ წლის ბოლომდე რეჟიმს დაამთავრებ – ამას მოყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც საღად ხედავენ ვითარებას, მათ შორის „ევროპული საქართველოსგან“ და ჩემგანაც. ჩემი ვალია, ვუთხრათ საზოგადოებას, რა მიგვაჩნია არასწორად. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მის ლიდერებს ამასთან შეგუება მოუწევთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა: „გიგა ბოკერიამ თუ თქვა, რომ შიმშილობით მე რაღაც გავიხანგრძლივე, ის არის უსინდისო“.