გიგა ბოკერია - მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე, არ შეუერთდეს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს
გიგა ბოკერია - მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე, არ შეუერთდეს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს

საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება იყოს გარკვეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის და მისი გარემოცვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის გამო, ბევრი გულწრფელი ადამიანი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტის ნაწილია.

„მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, ეს არის ერთის მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს. ჩვენი ქვეყნის მიმავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი. მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ეკონომიკა, ჩვენ გვჭირდება კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეების და ინვესტორებისთვის. ჩვენ გჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მტერზე რუსეთზე, გვქონდეს იაფი ელექტროენერგია და განვითარდეს ეკონომიკა“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგები თბილისში აქციებს მეორე დღეა, მართავენ.