გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება სურთ, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს
გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება სურთ, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს

მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება სურთ, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ხვალ ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, გეგმას წარადგენს.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმები ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხს არ უკავშირდება.

„ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას ან არჩამოსვლას, მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს, გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გვჭირდება და სწორ გზაზე დადგომას, სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რაც ივანიშვილმა შექმნა, დასრულდეს. დევნა ყველასი უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან ან ვინმეს დაბრუნებასთან, მთელი ქვეყნის მომავალთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ კაცს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება და ივანიშვილს სურს, დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, სადაც უკიდეგანო ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე კიდია. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, მომავალზე, გარდამტეხ ცვლილებებზე, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ მომავალზე თვითონ იზრუნონ “, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ბრუნდება. დღეს კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ხვალ დაბრუნების გეგმას წარადგენს.