გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილის თითქმის ყველა გამოსვლა, განსაკუთრებით იმ ხალხის გადაგდება, ვისაც უკვე მერამდენედ ჩამოსვლას დაჰპირდა, არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, დღეს არჩევანი არის მათ შორის, ვისაც სურს ერთპიროვნული მმართველობა ან მასში დაბრუნება და მათ შორის, ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადებები პირდაპირ ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილია.
„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაჰპირდა ამას.
რაც მთავარია, ეს არის სიცრუე. არჩევანი არის იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს, ივანიშვილი, რომელსაც დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება სურს და სააკაშვილი, რომელსაც წარსულში დაბრუნება სურს და ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს შორის, რომელსაც უნდა ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები და რისი გეგმაც გვაქვს ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“. აი, ეს არის არჩევანი იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს და იმათ შორის, ვისაც სურს, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და წინსვლა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.