გიგა ბოკერია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება - შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს მიმართავს
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება, ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.
„გიორგი ბოკერია გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე.
ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით“ ,- ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.