გიგა ბოკერია - ლიეტუვა არ შეიძლება იყოს და არ ყოფილა პარტიასთან აფილირებული, ღარიბაშვილის სამარცხვინო განცხადებები ეხებოდა პერსონას, რომელიც საქართველოს მხარდაჭერით გამოირჩეოდა
ღარიბაშვილის სამარცხვინო განცხადებები შეეხებოდა ჩვენი ქვეყნის მეგობარ პერსონას, ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და ამ მთავრობის დროს აშშ-ში ლიეტუვას ელჩს, რომელიც გამოირჩეოდა საქართველოს მხარდაჭერით, შემდეგ უკვე ეხებოდა მთელ ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა.
მისი თქმით, ლიეტუვა არ შეიძლება იყოს და არც ყოფილა პარტიასთან აფილირებული.
„რაც მოვისმინეთ, სამარცხვინო ღარიბაშვილის სტანდარტითაც კი გამორჩეული სამარცხვინო განცხადებებია, რომელიც შეეხებოდა ჩვენი ქვეყნის მეგობარ პერსონას, ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და ხაზს ვუსვამ, ამ მთავრობის დროს აშშ-ში ლიეტუვას ელჩს, რომელიც გამოირჩეოდა საქართველოს მხარდაჭერით, შემდეგ უკვე შეეხებოდა მთელ ქვეყანას.
ამ საოცარმა, ბრიყვმა და საქართველოს ინტერესების მავნებელმა ლიტვაზე გამოიყენა ტერმინი – პარტიის მეგობარი ქვეყანა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი ქვეყანაო. მსგავსი მავნებლობა და სისულელე ივანიშვილის რეჟიმის პირობებშიც კი არ მომისმენია. ქვეყანა ლიტვა არ შეიძლება იყოს და არ ყოფილა პარტიასთან აფილირებული. ამ კაცს არ ესმის, რომ მისი მხრიდან ეს არის დამოკიდებულება იმ ქვეყნის და საქართველოს მეგობრების მიმართ, ვინც უახლოესი ისტორიის მანძილზე ყველა გაჭირვების დროს, ამ მთავრობის ჩათვლით, გვერდზე ედგა საქართველოს, რადგან ასეთი მორალური და პრაგმატული პოზიცია აქვთ.
დღეს პავილიონისს მიუძღვნეს მთელი კასკადი იმ განცხადებების გამო, რაც მან გააკეთა, როგორც ამ ქვეყნის მეგობარმა, რომელიც გულწრფელად შეწუხებულია იმით, რაც ქვეყნაში ხდება. სენატის საგარეო კომიტეტის ორმა საკვანძო ფიგურამ, სენატორმა რიშმა და შაჰინმა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იგივე სულისკვეთების შეშფოთება გამოხატეს საქართველოს საკითხზე, ოდნავ განსხვავებული სიტყვებით, რაღაცაში უფრო მკაცრიც კი. ძალიან მაინტერესებს, იგივე შეფასებები აქვთ სენატის საგარეო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეზე და ახლა მოადგილეზე, საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელზე? იგივე შეფასება აქვთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარზე? თუ ჩათვალეს, რომ ლიეტუვა პატარა ქვეყანაა და შეიძლება ამაზე თქმა? ვერ ხვდებიან, რა გზავნილია საქართველოს ინტერესებისთვის და არა პარტიიისთვის? იმედი მაქვს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ, საერთო ჯამში მოუწევთ პასუხისგება ჩვენი საზოგადოების წინაშე, როცა მშვიდობიანად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელი უწოდა.