გიგა ბოკერია - „ლელოს“ ლიდერი რომ ამბობს, პარლამენტიდან გავდივარო, შემდეგ კი ბოიკოტს ვწყვეტთ, რადგან სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანესო, აქ რამე ლოგიკა არის?
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არათანმიმდევრულ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე: „ლელო“ თქვენთვის არათანმიმდევრულია“, ბოკერიამ უპასუხა, რომ ძალიან არათანმიმდევრულია.
„რა თქმა უნდა, თანაც ძალიან. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებას, მათ შორის იმ ხალხს, ვინც არის იმედგაცრუებული, რადგან მესმის, უმძიმესი მდგომარეობაა ქვეყანაში, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, რა ძალისხმევა დაგვჭირდება და როდის მოვახერხებთ ამ ჭაობიდან გამოსვლას, ვასწავლოთ, როგორ მივდივართ წინ.
ბევრად დიდი უპირატესობის მიღწევა გვჭირდება როგორც საარჩევნო სიით, ხოლო შემდეგ თუ საჭირო გახდა, საპროტესტოთი. დღევანდელი უპირატესობა, რაც ჩვენ გვაქვს, საკმარისი არ არის, ეს არის ფაქტი. შეუძლია, ვიღაცამ თავი მოიტყუოს და ყოველდღე უთხრას, რომ ზეგ იქნება შედეგი და შემდეგ უკმაყოფილო იყოს ვინმე, თუ ამას აკრიტიკებს ჩვენი მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვთვლით საჭიროდ, ვუთხრათ ხალხს, რომ ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამ მხარდაჭერის გაზრდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საკითხზე საუბრისას გიგა ბოკერიამ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პარლამენტიდან გასვლა გააკრიტიკა.
„როდესაც გამოდის ამ პარტიის ლიდერი და მრავალმნიშვნელოვნად ეუბნება ხალხს, რომ მეორე ტურების შემდეგ აი, ამ სამარცხვინო საქციელის ფონზე გავდივარ პარლამენტიდან, ხოლო შემდეგ ირკვევა, რომ ბოიკოტს ვწყვეტთ, რადგან გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს სააკაშვილიო, აქ რამე ლოგიკა არის? განა, უფლება არ აქვთ, უბრალოდ ამაზე არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული რთულად წარმომიდგენია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.