გიგა ბოკერია - კრიზისიდან გამოსავალი არის ვადამდელი, ნორმალური არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით, კითხვით მოქალაქეებისადმი
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია საარჩევნო საკითხებზე ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი, ნორმალური არჩევნები ან პლებისციტია.
გარდა ამისა, ბოკერიას განმარტებით, პარალელურად უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტური ცვლილება.
„უკვე მერამდენედ გვესმის ეს უტიფარი სისულელე, თითქოს რაღაც სიახლეა, არავინ არ ჭამს ამ სისულელეს. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი, ნორმალური არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით, კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი. ამ ყველაფრის პარალელურად, უნდა მოხდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის და წესების ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს. დიდი ხანია, მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ ძირითადად ჩაყრით და ხმის კონტროლით, კარუსელით მოხდა ამ არჩევნების გაყალბება, ამას უშველის მხოლოდ ახალი არჩევნები, ანუ არ არსებობს სხვა ინსტრუმენტი, რომ ვიღაცამ დაწეროს ახალი ციფრები.
რაც შეეხება მასალების წარმოდგენის თაობაზე კითხვას, თვითონ ცესკო-ს ფორმალურად ოფიციალური მონაცემებია მთავარი მტკიცებულება, რამხელა ნახტომი მოხდა წინა, ცუდი არჩევნების ჩაყრილი უბნების და კარუსელით გაკეთებული უბნების რაოდენობაში – ანუ, როცა ათჯერ მეტია ჩაყრილი უბნები და როცა ოთხჯერ მეტია კარუსელები. გამოთვლაც შეიძლება, რა მასშტაბზე მოახდინა გავლენა, ყველამ თქვა ხომ, რომ ათი პროცენტის ფარგლებშია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი დამთავრებული ამბავია. უბრალოდ, მიდის დროის ათვლა, როდის მოვა გონს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომ დანიშნონ ვადამდელი არჩევნები, როგორც ამ კრიზისიდან გამოსავალი.
რაც შეეხება კითხვას მტკიცებულებებზე, ყველაზე მკაფიო, ოღონდ სამართლებრივად ირიბი მტკიცებულებაა ყველა ის ფაქტი, სადაც ჩაყრის ვიდეო მტკიცებულება არსებობს და არათუ გამოძიება არაა დაწყებული და ვინმე დაკავებული, არამედ ის შედეგები ჩათვლილია. ეს არის სისტემური გაყალბების სიმპტომი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, მთავარი საკითხია არა ქაღალდზე დაწერილი წესები, არამედ თამაშის წესები და კანონების დაცვა. ბოკერია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
„ეს არის ერთ-ერთი საკითხი ახალი საპარლამენტო არჩევნების ქოლგის ქვეშ, ცალკე არ განიხილება. ჩვენ – ოპოზიციური პარტიების ჯგუფს შეთავაზებული გვაქვს პაკეტი, სადაც ეს კომპონენტი არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ამცირებს მანიპულაციის რისკებს. მთავარი საკითხი არის არა ქაღალდზე დაწერილი წესები ან ახალი წესების შემოღება, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მთავარი საკითხია, რომ თამაშის წესები და კანონები დაცული იყოს. თამაშის წესების გაუმჯობესებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვისაც ძალაუფლება აქვს, ეს ქაღალდი შეუძლია გადაახიოს თავზე საზოგადოებას.
ეს არ შეიძლება, გაუვიდეს და ამიტომ უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ფუნდამენტური ცვლილებით საარჩევნო ადმინისტრაციაში, მარტო ერთი სამარცხვინო თავმჯდომარის მოხსნით კი არა, არსებითი ცვლილებით, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს, ასევე, წესების ცვლილებებითაც, რომელშიც ელექტრონული სისტემის კომპონენტი ერთ-ერთი კომპონენტია, რაც ჩვენ შევთავაზეთ. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რაც მხოლოდ ამ ხალხის ბედი კი არ არის, პოლიტიკურ კლიმატთან დაკავშირებულია, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დაგეგმილ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის ძირითადი ასპექტები ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში შეჯერდა.
კობახიძის განმარტებით, რეფორმის გარკვეული საკითხების განხორციელება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას.