გიგა ბოკერია - ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ივანიშვილის გუნდისთვის მედიაზე შტურმი იყო პრიორიტეტული
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ივანიშვილის გუნდისთვის მედიაზე შტურმი იყო პრიორიტეტული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მომდევნო არჩევნებზე ხელისუფლება წაგებისთვის განწირულია და სწორედ ამიტომ დგამს ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღე საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას.
„რუსთავი 2“-ის სამწუხარო ამბავი იყო მათი წარმატება და ქვეყნის მარცხი. ახლა ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, ეს მცდელობა გაგრძელდება „ტვ პირველთან“ დაკავშირებით, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა მედიამ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი საფრთხეა. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის რეჟიმს ეს არ უშველის. მას პერსონალურად ესმის, რომ ამ ბოლო მოვლენების შემდეგ, ძალიან დასუსტებულია. მგონია, რომ ეს ხელისუფლება შემდეგ არჩევნებში განწირულია, ოღონდ ყველა ასეთი ნაბიჯით ის ჩვენი ქვეყნისთვის რისკებს ზრდის. ეს არის უბედურება, რომ მაოხრებელი გზირის საფრთხე არსებობს, რომ ეს ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც საზოგადოებისგან განწირულია უარყოფისთვის, დგამს ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღე საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და უსაფრთხოებას. ყველა ასეთი ნაბიჯი ვითარების გამწვავებას იწვევს. ჩვენი ქვეყანა ისეთ ვითარებაშია, ნებისმიერი ამ ტიპის გამწვავება რისკებთან არის დაკავშირებული. ივანიშვილსა და მის გარემოცვას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ეს არის განწირული მცდელობები. მთელი საზოგადოებისთვის და მათთვისაც სჯობს, სწრაფად შეეგუონ, რომ შემდეგ არჩევნებში დამარცხდებიან. ყველა მცდელობა, რომ საზოგადოებას შეუზღუდონ ინფორმაციის მიღების საშუალება, წარუმატებელი, თუმცა ძალიან საზიანო იქნება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.