გიგა ბოკერია - ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, პოლიტიკურ სტაბილურობისთვის საჭიროა არა უტიფარი განცხადებები, არამედ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა
ირაკლი კობახიძე უნდა გადამდგარიყო ავტომატურად, ახლა უნდა გადადგეს გახარიაც და ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურ სტაბილურობისთვის საჭიროა, არა უტიფარი განცხადებები, არა გავრილოვის გამო კრიზისის შემქნა, არამედ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.
„ჩვენ ვთვლით, რომ ამ ვითარებაში ამ სცენარზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას’ არა მარტო ძალის გამოყენებაზე, გადაჭარბებულზე კი არა, აბსოლუტურად სასტიკზე და გაუგონარზე, მავნებლურზ, მთლიანად ამ კრიზისის შექმნაზე. მამუკა ბახტაძის ბოლო განცხადება, რომელსაც რეალური ძალაუფლება არ აქვს და ვიცით, ვისაც აქვს ძალაუფლება, ივანიშვილს, იყო მაგალითი იმის, როგორი განცხადება არ უნდა გაკეთდეს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე იყო საზოგადოების აღშფოთება, ეს აქცია არ იყო დაორგანიზებული რომელიმე პარტიის მიერ.
„ოპოზიციური ლიდერები ცდილობდნენ ამ ხალხის გაჩერებას. ამ დროს, როცა მცდელობა იყო რაღაც დისკუსიის დაწყების ხელისუფლებასთან, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დაიწყეს. ამ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე განმუხტვა ვერ მოხდება. ეს აღარ არის მხოლოდ კობახიძის პასუხისმგებლობა, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ინსტიტუტშიც მოხდა ეს სამარცხვინო ამბავი გავრილოვის. ეს არის გახარიას პასუხისმგებლობა, ეს არის დიდი პოლიტიკური საკითხი პროპორციული არჩევნების ჩატარებისა. ამ კატასტროფულ, სამარცხვინო ფონზეც კი ჩვენი მოწოდება რჩება ძალაში ყველა მოქალაქის მიმართ, ჩვენ ვართ მომხრე მხოლოდ მშვიდობიანი პორტესტის. მოვუწოდებთ ყველას, ახლა პროტესტი არის გარდაუვალი და უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად“, – აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ დაძაბულიყო ვითარება, ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს დარჩეს მშვიდობიან ჩარჩოში.
„უნდა გაგრძელდეს წნეხი ხელისუფლებაზე, ვიდრე არ დადგება პოლიტიკური პასუხისმგებლობა გახარაიას, კობახიძის, პროპორციული არჩევნები და მერე არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა ბოკერიამ.