გიგა ბოკერია - ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ეროვნული ამოცანაა
ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ეროვნული ამოცანაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეროვნული ამოცანაა, ეს რაც შეიძლება, ნაკლები ზიანით მოხდეს. ოღონდ, ეს სამარცხვინო კაცი და მისი კლოუნების ბრიგადა დიდ ლოდებს დებს იმისთვის, რომ მათი ბედი დრამატული იყოს. რომ არ მოგატყუოთ, ეს ყველაფერი გარდაუვალი ჩანს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, სასურველია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილების ეროვნული ამოცანა პროპორციული ვადამდელი არჩევნების გზით მოხდეს, მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილი გონს არ მოეგება, მისი მოქმედებების შედეგად ხელისუფლება ჩამოემხობა და მისი ბედი უფრო დრამატული იქნება, ვიდრე ასლან აბაშიძის ბედი.
„ეგ კაცი თავის თანაგუნდელებს ისე ეპყრობა, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს. ვსარგებლობ ეთერით და ყველას, ამ სამარცხვინო ხალხს, შედარებით ახალგაზრდა იქნება ეს თუ დიდი, პოლიციის მაღალჩინოსნებს მინდა, ვუთხრა, რომ შეიძლება, მაგ კაცმა გააღწიოს და გაიქცეს, მაგრამ მაგათაც ისე მოუვათ, როგორც ასლანმა დატოვა ყველა – თავისი გარემოცვის უდიდესი ნაწილი და ძაღლებიც, რომლებიც ძალიან საყვარლები იყვნენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავდა 15 ოქტომბერს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ არავინ უნდა დაისაჯოს და მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილი, რაც თავის დროზე, თავის თანაგუნდელებსაც გაუკვირდათ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ყველა, ვინც სიებს ადგენდა, არასწორად იქცეოდა, მისი პოზიცია ძალაში იყო და იქნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ნორმალურ ნაბიჯებს დგამს.
„როდესაც ივანიშვილი და მისი სამარცხვინო კლოუნების ბრიგადა ასეთ ნაბიჯებს დგამს, როდესაც ასლან აბაშიძის გზებზე დგებიან, რასაც ახლა ვხედავთ – ზონდერები და ა.შ. ყველა პასუხს აგებს. თან – ძალიან მძიმედ. დღეს „სირცხვილიას“ ახალგაზრდებს რომ დაესხნენ თავს, ამ ხალხის სახელები და გვარები ხომ ვიცით?! ეს ხალხი „გავრილოვის ღამეს“ დადიოდა და იძახდა, სიტყვაში გამოგვიყვანეთ, აღშფოთებული ვართო და ჩხუბს აწყობდნენ. მინდა, ვისარგებლო ეთერით და ვთქვა, რომ ეს ხალხი, ქვემოდან დაწყებული ივანიშვილამდე, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, ან საქართველოში ვერ გაჩერდებიან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.