გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობაში რყევები აბსოლუტურად ბუნებრივია
ივანიშვილის გარემოცვასა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობაში რყევები აბსოლუტურად ბუნებრივია იმ უმძიმესი მდგომარეობის ფონზე, რომელიც ამ გუნდმა შექმნა თავისი მავნებლური, უპასუხისმგებლო ნაბიჯებით ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიასა და მის გუნდს საზოგადოების კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.
„რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადამიანების გასვლას და გახარიას ფაქტორს, ჯერ მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია, პასუხები გასცეს უამრავ კითხვას, დააფიქსიროს პოზიცია, როგორც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ისე პოლიტიკურ პატიმრებზე. ჯერჯერობით გახარიასგან და მისი გარემოცვისგან რაიმე მკაფიო პოზიცია არაფერზე მოგვისმენია. ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე. იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა რაღაც „ბე“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის, გვაჩვენონ თავიანთი მოქმედებებით. თუ აქ ლაპარაკია, რომ ასეთი მცირე რაოდენობის არიან, რომელიც იტყვის, რომ ოპოზიციაა, მაგრამ რეალურად არაფერს არ შეცვლის, მაშინ ეს უმნიშვნელო მოვლენა იქნება, თუ ეს ასე არ არის, თუ რაოდენობა იზრდება და თუ მთავრობის უნდობლობას უჭერენ მხარს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს, ძალიან კარგი, მაშინ გააკეთონ ეგ. ოღონდ ამასთან, ბატონმა გახარიამ უამრავ კითხვას უნდა გასცეს პასუხი და ეს რაღაც ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა, არასერიოზულად გამოიყურება“, – განაცხადა ბოკერიამ.