გიგა ბოკერია - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას შეიძლება, აგონია დავარქვათ
ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას შეიძლება, აგონია დავარქვათ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს მიუთითებს, რა მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“.
„ანეკდოტია, ღარიბაშვილს რომ დასახმარებლად დაუძახებ. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი როგორ დღეშია. ღარიბაშვილი სიმბოლოა ყველაფერი იმისა, რაც „ოცნებაში“ არასწორი იყო. ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საზოგადოებას არ აუხსნა, რატომ თანამდებობიდან წავიდა. უთხრეს, პოლიტიკიდან გაქრიო და გაქრა. ახლა ივანიშვილმა დაუძახა და მოდის. ჩვენთვის საინტერესოა არა ღარიბაშვილის პერსონა, არამედ ივანიშვილის, რომელიც ქვეყანას მართავს. კაცი რა დღეში უნდა იყო, რომ დასახმარებლად ღარიბაშვილს დაუძახო. მთელი პრობლემა ივანიშვილშია. მმართველობის სტილია, როცა არავინ არაფერს წარმოადგენს – წაიყვანს, გააქრობს, მოიყვანს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დეპუტატის შეფასებით, ქვეყანა ჩიხშია შესული და ასე წინ ვერ წავა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა, ის პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.