გიგა ბოკერია - კორონავირუსზე გიორგი გახარიას განცხადება არის მაგალითი, როგორი არ შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა აბარია
„ევროპული საქართველო“ ვაპირებთ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შევთავაზოთ კონკრეტული ნაბიჯები, რისი გადადგმაა აუცილებელი კორონავირუსის დროს, როცა ამან ასე დაარტყა საქართველოს ეკონომიკას და მოქალაქეების შემოსავალს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით, იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადება.
„საზოგადოებამ მოისმინა გახარიას განცხადება ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების საფრთხეების გარშემო ვითარებაზე, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ჩვენს ეკონომიკას, ჯანმრთელობას. როგორი უკლასო და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი უნდა იყო, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, ასეთ სერიოზულ საკითხზე გამოსვლისას იმის მაგივრად, რეალურ გეგმებზე ლაპარაკობდე, რა ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა ასეთ დროს, გახსენდება და პრიორიტეტს ანიჭებ უმრავლესობაზე თავდასხმას, რომელიც არის კრიტიკული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ. ეს არის მაგალითი როგორი არ შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა აბარია, როგორ არ შეიძლება ამ გარემოცვის და ივანიშვილის იმედზე იყოს ქვეყანა ნებისმიერი გამოწვევის დროს. ამ ხალხისგან განსხვავებით, „ევროპული საქართველო“ ვაპირებთ, რომ ხვალ კონკრეტული ნაბიჯები შევთავაზოთ ხელისუფლებას და საზოგადოებას, რისი გადადგმაა შესაძლებელი გამოწვევების დროს, როცა ასე დაარტყა ამ ყველაფერმა საქართველოს ეკონომიკას და მოქალაქეების შემოსავლებს“, – განაცხადა ბოკერიამ.
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს, ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას“, – განაცხადა გახარიამ.