გიგა ბოკერია - ეს არჩევნები არის ყველას შანსი, რომ დავიბრუნოთ შესაძლებლობა, ვიყოთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, მომავალი თვითმმართველობის არჩევნები არის ყველას შანსი, დაიბრუნონ შესაძლებლობა, საქართველო იყოს ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა.
ბოკერიას თქმით, მოქალაქეების მიერ ოპოზიციური პარტიისთვის მიცემული თითოეული ხმა არის შანსი ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად.
„ეს არ არის არათუ ჩვეულებრივი თვიმმართველობის არჩევნები, ეს არ არის ზოგადად, ჩვეულებრივი არჩევნები. ჩვენს შორის არსებული დიდი განსხვავების და პოლიტიკურ შეხედულებებში მოქალაქეებს შორის არსებული დიდი სხვაობის მიუხედავად, ეს არჩევნები არის ჩვენი ყველას შანსი, რომ დავიბრუნოთ შესაძლებლობა, ვიყოთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომ მრავალმა თაობამ დაკარგოს ეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი, ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის ამოცანა შესრულდეს, დავბრუნდეთ თავისუფალ სამყაროთა ოჯახში, ყველა ადამიანს ჰქონდეს შანსი, საკუთარი შრომით ბედნიერებისკენ ისწრაფვოდეს, რომ არ დავუშვათ, ამ ხალხმა, ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ, საკუთარ კეთილდღეობას შესწიროს ჩვენი ქვეყნის, ყველას: ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის, ჩვენი მოქალაქეების მომავალი.
ამიტომ, აქ ჩვენი მოქალაქის მიერ ოპოზიციური პარტიისთვის მიცემული თითოეული ხმა, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „გირჩი- ზურა ჯაფარიძე“, მნიშვნელობა არ აქვს, არის შანსი ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად. ყველა ხმა მიცემული ნიკა მელიასთვის, ელენე ხოშტარიას საკრებულოს თავმჯდომარედ გახდომისთვის, ყველა ხმა იმ მაჟორიტარებისთვის, რომლებსაც ჩვენ წარმოგიდგენთ, არის სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენება და არა საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტების წინ წამოწევა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახლოს არის მის შეხედულებასთან, მაგრამ ჩვენ აქ ყველას გვაერთიანებს უფრო დიდი ამოცანა“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ დღეს თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.