გიგა ბოკერია - ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები არიან სხვადასხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფში, შემდეგ მიდიან პოლიტიკაში
ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფისა და პირის დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს ოპოზიციასთან, არანაირი პრობლემა არ არის, პრობლემა არის ის, რასაც არჩევნების დროს აკეთებს მთავრობა მისი კომისიის წევრებითა და მათთან დაკავშირებული პირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერია სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გიგა ბოკერიას თქმით, „აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ადამიანები არიან სხვდასხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფში, ხოლო შემდეგ მიდიან პოლიტიკაში“.
„ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, რომელიმე პირის დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს ოპოზიციასთან, არანაირი პრობლემა არ არის. პრობლემა არის რაც ხდება არა ოპოზიციის, თუნდაც მათთან დაკავშირებული რომელიმე ჯგუფის მიერ არჩევნების დროს, არამედ ის, რასაც აკეთებს მთავრობა მისი კომისიის წევრებით და მათთან დაკავშირებული პირებით. ძალადობა, ჩაყრა, მანიპულაცია, კარუსელი – ეს არის პრობლემა. თუ საზოგადოების მოტყუებაზეა საუბარი, აქ არაფერი დამალული არ არის. საჯაროა, ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთი ჯგუფის დამფუძნებელი ჩვენი პარტიის წევრი იყო მაშინაც და ეს ყველამ იცოდა, გამგეობის წევრი არის. პრობლემაა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის ნეიტრალურ წევრებად წარმოაჩენ და შენი უმრავლესობის ნებით ნიშნავ ხალხს, რომელიც საჯაროდ ცნობილია, რომ აღმასრულებელი ვერტიკალის ნაწილია, როცა ასეთ ჯგუფებს აძლევ ფულს, ფულს ურიგებ შენთან დაკავშირებულ ჯგუფებს, რომლებსაც ვითომ ნეიტრალურად წარმოაჩენ.
რაც შეეხება ნონიაშვილს, რომელიც არის ჩვენი გუნდის ახალი ლიდერი და ჩვენი სიის პირველი ნომერი, მისი კარიერა ყოველთვის ცნობილი იყო, ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები არიან სხვდასხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფში და შემდეგ მიდიან პოლიტიკაში. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ეს არავისთვის არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ არჩევნებს ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან. მიქანაძის განმარტებით, მათი საფუძვლიანი ვარაუდით, 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, საიდანაც ფინანსური მხარდაჭერა აქვთ.