გიგა ბოკერია - ჩემს თვალში დიმიტრი გაბუნიას რეპუტაცია ისეთი შერყვნილია, რომ ამას უკვე ვერაფერი დაამძიმებს
ჩემს თვალში დიმიტრი გაბუნიას რეპუტაცია ისეთი შერყვნილია, რომ ამას უკვე ვერაფერი დაამძიმებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება არ იქნება რეალური და დროში გაჭიანურდება, „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს დასვამს.
„არაფერს ვამტკიცებ, არ ვამბობ გაბუნია ისეთია, ასეთია. ჩემს თვალში, მისი საქმიანი რეპუტაცია ისეთი შერყვნილია, რომ ამას უკვე ვერაფერი ვეღარ დაამძიმებს, მაგრამ კონკრეტულ საქმეში გამოძიებაა საჭირო. მე ვინ მომწონს და ვინ არა, ვინ მიმაჩნია პოლიტიკურად და საზოგადოებრივად უზნეო ადამიანად, ასეთად მიმაჩნია გაბუნია. ეგ არ წყვეტს იმას, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. ამიტომ არის საჭირო გამოძიება. თუ ვნახეთ, რომ გამოძიება არ მიდის რეალურად, რაც ბევრჯერ გვინახავს, მაშინ დავსვამთ საპარლამენტო კომისიის საკითხს. თუ გაირკვევა კორუფციული გარიგება, რომლის კვალიც პრეზიდენტამდე მიდის, მაშინ დავსვამთ იმპიჩმენტის საკითხს, არა იქამდე.
არაფერს გამოვრიცხავ, წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. გამოძიება უნდა იყოს რეალური და ეფექტური. ისე, იცოდეთ, რომ რთულია ხოლმე კვალის დაფარვა, რადგან ის ხალხი, ვინც შეიწყალეს, ჰყავთ გარემოცვა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კორუფციული გარიგებით იყო ეს ყველაფერი – ვის ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია, ვის ვისთან ჰქონდა წარსულში კავშირი და აწმყოში კავშირი. თუ გამოძიებას აქვს პოლიტიკური ნება, მე ვივარაუდებდი, რომ ამ საქმის გამოძიება, აბსოლუტურად შესაძლებელია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საფრთხის შემცველი და ზიანის მომტანია ქვეყნისთვის.
„ივანიშვილმა და მისმა გუნდმა იძულებით, ძალის გამოყენებით, მოსყიდვით, ძალით დაასვა საქართველოს ეს ფიგურა თავზე და ამ შედეგებს ვიმკით. ცოტა ხნის წინ შეურაცხმყოფელი დეტალები გაირკვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკავთ ერთ-ერთი მსხვერპლის, ოთხმეზურის ოჯახში, შეგვეშალა, არ ვიცოდით, თქვენ რომ იყავითო. აქედან გამომდინარეობს რა, რომ რახან ოთხმეზურების ოჯახი არის წარმატებული, ცნობილი ოჯახი და ის იყო ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი, ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ ბოდიში და სხვა ჩვენს მოქალაქეებს არ უთხრეს. ეს არის დამატებითი შტრიხი ამაზრზენი საქციელის. სხვათა შორის, სწორად მოიქცა ოთხმეზურის ოჯახი, როდესაც აღნიშნა, რომ ეს გამორჩევა არასწორია.
ჩვენ პროცედურის დარღვევით არასდროს არაფერს ვითხოვთ. იმპიჩმენტის პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ეს არის სამარცხვინო პრეზიდენტი, ამ წამს არ არსებობს. ამას სჭირდება გამოძიება და მტკიცებულებები. კონფიდენციალური წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი, ოღონდ ჩვენ ამას არ ვამტკიცებთ, ჩვენ არ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. თუ ვნახავთ, რომ გამოძიება იწელება ან აშკარაა, რომ არ უნდათ გამოძიება, მაშინ დავსვამთ ამის შემდეგ საკითხს, შეიქმნას საპარლამენტო კომისია. აქაც საპარლამენტო უმრავლესობა აქვს ივანიშვილის გუნდს, მათ დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდებათ, თუ ამ საკითხს არ გამოიძიებენ და მერე კომისიასაც არ შექმნიან. თუმცა სანამ უმრავლესობა აქვთ, შეუძლიათ, ეს გააკეთონ, თუმცა ეს უმრავლესობა დიდი ხანი არ ექნებათ, მალე შეიცვლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.