გიგა ბოკერია - არალოგიკურია, თან იძახდე, არჩევნები გაუქმდა, თან პარლამენტში კანონპროექტებზე მუშაობდე, მოქალაქეებზე ეს წამახალისებლად არ მოქმედებს, ლოზუნგი „არჩევნები გაუქმებულია“, მცდარია
ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაშია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საზოგადოებამ და მათ შორის ოპოზიციამ წინ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს მობილიზება საკმარისი არ აღმოჩნდა ივანიშვილის არალეგიტიმური კრიმინალური მეთოდების გადასაფარად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის მობილიზება საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. აქვე მინდა საზოგადოებამ და ჩვენმა პარტნიორებმა კონსულტაციებამდე ჩვენი პოზიცია იცოდნენ, რომ ლოზუნგი „არჩევნები გაუქმებულია“, ჩვენთვის მცდარია. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ასეთი სახიფათო რეჟიმების არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება საზოგადოებისგან და მოსახლეობისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას“, – განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერიას განცხადებით, სწრაფი წარმატების მოლოდინი ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს.
გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ ოპოზიციის განცხადებები არჩევნების გაუქმების თაობაზე და ამავდროულად პარლამენტში კანონპროექტებზე მუშაობა, არალოგიკურია.
„მოლოდინი სწრაფ წარმატებაზე სამწუხაროდ ვერ გვექნება, ყველანი მზად უნდა ვიყოთ თანმიმდევრული სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არამოკლევადიანი ბრძოლისთვის. ამ წარუმატებლობამ ამ ეტაპზე სასოწარკვეთაში არ უნდა ჩაგვაგდოს. განცხადებები, რომ აღარ შეგვიძლია და რაღაც უნდა ვქნათ, პირიქით, ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ნიჰილიზმის გამყარებას და საზოგადოების სასოწარკვეთაში ჩაგდებას. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ იმ რეალობას, რომ ვინმეს ვუთხრათ, ხვალ ეს რეჟიმი დასრულდება. ჩვენ ამოცანად გვრჩება ვადამდელი არჩევნების მიღება და იმ ტიპის მხარდაჭერის მოპოვება ამომრჩეველში, რომელიც საკმარისი იქნება ამ არალეგიტიმური მეთოდების გადასალახად. ამ არჩევნების პირველ ტურშიც კი. 200 000-ით ნაკლები ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მოვიდა, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნებზე და ეს არის პასუხისმგებლობა ოპოზიციის და საზოგადოების იმ ნაწილის, ვინც არ მოვიდა. ამის მიუხედავად, დინამიკაში ვუყურებთ, როგორ უჭირს ივანიშვილის რეჟიმს. ამ წამს რომ გითხრათ ხვალინდელი გეგმა გვაქვს, უნდა მოგატყუოთ. ამას სჭირდება ფართო სპექტრში კონსულტაციები როგორ უნდა ვიმუშაოთ, რომ მაგალითად ის 200 000 ადამიანი, რომლის ნახევარიც ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტდა მოვიყვანოთ არჩევნებზე. სრულიად არალოგიკურია, თან იძახდე, არჩევნები გაუქმდა, თან პარლამენტში კანონპროექტებზე მუშაობდე. მოქალაქეებზე ეს წამახალისებლად არ მოქმედებს“, – განაცხადა ბოკერიამ.