გიგა ბოკერია - არ ვაპირებთ ისეთი სამარცხვინო კამპანიის ჩატარებას, როგორსაც ატარებს „ქართული ოცნება“, ვაპირებთ ცივილიზებულად მოქცევას
ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი სამარცხვინო კამპანიის ჩატარებას, როგორსაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ატარებს, ჩვენ ვაპირებთ ცივილიზებულად მოქცევას, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც ის ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ მსგავსად, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილის გუნდი მათ ცივილიზებულ საქციელზე მორალს არ უნდა უკითხავდეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი სამარცხვინო კამპანიის ჩატარებას, როგორსაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ატარებს. ჩვენ ვაპირებთ ცივილიზებულად მოქცევას. ერთი ფილმი მახსენდება „მარსი გვიტევს“, ყველას ვურჩევ, რომ ნახოს. კომედიაა, თუ როგორ გვიტევენ უცხოპლანეტელები. ჩამოდიან, ხოცავენ ხალხს და თან მიკროფონში ყვირიან, ჩვენ მშვიდობით მოვედითო. სწორედ ამას მაგონებს ივანიშვილის გუნდი. ვის უკითხავენ ესენი მორალს ცივილიზებულ საქციელზე და წესიერად მოქცევაზე,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნების“ მსგავსად, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში.