გიგა ბოკერია ამომრჩევლებს მიმართავს, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ
ფოთში-ხობში-სენაკში დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და „ქართული ოცნების“ კონკურენტი მეორე ტურში ივანიშვილის კანდიდატ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩემი კონკურენტი მურთაზ ზოდელავა. ისე როგორც ყველგან, „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას მოვუწოდებთ, მეორე ტურში ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ყველამ ნახა, რომ დღეს ზოგიერთ ოლქში ხალხმა ხმა მისცა ამ ქვეყანაში ცვლილებებს.
„სამწუხაროდ, საბოლოოდ ფაქტობრივი შედეგი გადაწყდება მეორე ტურში. იმ ოლქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ფოთში-ხობში-სენაკში დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და „ქართული ოცნების“ კონკურენტი მეორე ტურში ივანიშვილის კანდიდატ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩემი კონკურენტი მურთაზ ზოდელავა. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ყველგან, „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში, ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიან მაჟორიტარებზე და როგორი უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა, როგორი უგუნურება იყო სხვა ოპოზიციური პარტიებისგან ამ გეგმაში მონაწილეობის არმიღება, მაგრამ ეს წარსულია. მეორე ტურები იქნება და ამ ტურებში ყველგან უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. საერთო პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილია – მიუხედავად უთანასწორო საარჩევნო გარემოსი, მას არ აქვს მანდატი საქართველოს მოქალაქეებისა და საზოგადოების ქვეყნის მართვაზე, ეს უნდა გაფორმდეს მეორე ტურში მისი ხელისუფლებისგან ჩამოცილებით“, – განაცხადა ბოკერიამ.