გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შემთხვევაში, მასალების წარსადგენად პარლამენტში მისვლას არ აპირებენ
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობენ და შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მივლენ. ბოკერიას თქმით, კომისიის წევრებს არ სჭირდებათ არჩევნებთან დაკავშირებით მასალების მიწოდება, რადგან ის საჯაროა.
აღნიშნული კომენტარით ბოკერიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საგამოძიებო კომისიის წევრებმა თქვენი პარტიის წევრები თუ დაიბარეს მასალების გასაცნობად, თქვენ მიიტანთ თქვენს მტკიცებულებებს?“.
„არა, ჩვენ მათ ლეგიტიმურობას არ ვცნობთ. ბუნებრივია, არ მივალთ, მათ არ სჭირდებათ მასალების მიწოდება, ეს მასალები საჯაროა, რამე საიდუმლო სიებში კი არ აქვს ვინმეს შენახული. ჩვენ ყველამ ვნახეთ ის მაგალითი, რომელიც მოვიყვანეთ. ათასჯერ იყო ნაჩვენები ტელევიზიით, სადაც მოხდა ბიულეტენების ჩაყრა. ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ არის მოპოვებული. ამას არ სჭირდება კომისია, პროკურატურა ვალდებული იყო, გასაჯაროების შემდეგ გამოეძიებინა ეს ამბავი, თუმცა არ გამოიძია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.