გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარლამენტის ბოიკოტზე „ევროპულ საქართველოში“ ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული
„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით პარტიაში ერთსულოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციის მხრიდან ასეთ პრინციპულ საკითხზე სრული ერთიანობა იყოს.
„ქართველმა ხალხმა, რომელიც პოლიტიკურ მოვლენებს თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომ პირადად მე და მთლიანად „ევროპული საქართველოს“ გუნდიც, ასეთ საკითხებში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით საპარლამენტო ცხოვრებას, მონაწილეობას სახელმწიფო ინსტიტუტებში, როდესაც ხარ უმცირესობაში.
ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც მათ შორის არალეგიტიმური მეთოდებით, მიგვიღია ძალიან მწარე მარცხი, მაგრამ ამის გამო, ემოციურად ან რას იტყოდნენ ჩვენი ამომრჩევლები, არ შეგვშინებია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც რადიკალურ მომხრეს შესაძლოა, არ მოეწონოს.
თუმცა, ამ შემთხვევაში, ძალაუფლების უზურპაციის ხარისხი ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან დაშინებით, მოსყიდვით, მანიპულაციებით, და ოპოზიციის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი არგუმენტები, რათა ჩვენი ქვეყნისთვის საშიში, პოლიტიკურად მომაკვდინებელი რეჟიმის იზოლირება მოვახდინოთ.
სწორედ ამიტომ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიღებული ამ პარლამენტის ბოიკოტზე. ჩვენ გვაქვს რწმენა და ნებისყოფა, რომ მორალურად გავტეხოთ ეს კაცი, მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა და რეჟიმი, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საშიში ტენდენცია ძალაუფლების სრული მონოპოლიზაციის, დაშინების, ძალადობისა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მოსყიდვის ინსტრუმენტით.
ეს არის კატასტროფა მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის და ამ შემთხვევაში ჩვენი ვალია, ამას ყველანი ერთიანად დავუპირისპირდეთ, მათ შორის, ბოიკოტი გამოვუცხადოთ პარლამენტს. ასევე იმით, რომ შემდგომი დღეების, კვირების, თუ საჭიროა, მეტის განმავლობაში, ამ პრინციპულ საკითხში იყოს სრული ერთიანობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.