გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მმართველი პარტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისზე უნდა წავიდეს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
მისივე თქმით, ოპოზიციის შეთავაზება იძლევა საშუალებას, არც ერთ პოლიტიკურ გუნდს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, მცირე მხარდაჭერით მოიპოვოს დიდი ძალაუფლება.
ბოკერია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი კომპრომისზე უნდა წავიდეს.
„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. ჩვენ მოქნილი შემოთავაზებები დავდეთ იმ ამოცანისთვის, რაც საზოგადოებას აქვს დასახული, რომ მომავალში ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი არ იყოს იმ მდგომარეობაში, როდესაც მცირე მხარდაჭერით აქვს დიდი ძალაუფლება, როდესაც არის შანსი, ოდნავ უფრო დიდი მხარდაჭერით იყოს უკონტროლო. არა მხოლოდ ამ სამარცხვინო ხელისუფლების პირობებში, არამედ წინა, ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც დავაგროვეთ გამოცდილება, რომ ეს ცუდია ქვეყნისთვის, ცუდია ხელისუფლებისთვისაც და ახლა, გადაგაგდებ და არ მაინტერესებს, ამას არ მიიღებს საზოგადოება. ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და არ მივიღებთ. ასე რომ, დროზე გონს მოეგონ, იმ კომპრომისზე წამოვიდნენ, რაც ჩვენ შევთავაზეთ, რაც იქნება ამ შეურაცხყოფის უკან წაღება“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. მეხუთე რაუნდზე, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მხარეები საკუთარ წინადადებებს კვლავ დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით წარადგენენ. როგორც ცნობილია, უცვლელი წინადადებით მიდის მოლაპარაკებებზე საპარლამენტო უმრავლესობა.