გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესი 20-25 იანვარს თბილისში გაიმართება
გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესი 20-25 იანვარს თბილისში გაიმართება

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესი თბილისში, 20-25 იანვარს გაიმართება.

როგორც პირველ არხს საქართველოს გიდების ასოციაციაში განუცხადეს, ხუთდღიან საერთაშორისო კონგრესს მსოფლიოს 60 ქვეყნის ასზე მეტი ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება.

კონგრესის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მონაწილეები საქართველოს რეგიონებს ეწვევიან და ქართულ კულტურასა თუ ტრადიციებს გაეცნობიან, ჯამში სტუმრები საქართველოში ორ კვირამდე დარჩებიან. ფედერაცია მსგავსი ტიპის კონგრესს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს.

„კონგრესის მიმდინარეობისას საქართველო მსოფლიო ტურიზმის სფეროს ეპიცენტრში მოექცევა და მიიქცევს ყურადღებას, როგორც ტურიზმისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. მასპინძლობისთვის ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი და მკაცრი საკვალიფიკაციო ეტაპები წარმატებით დავძლიეთ. საქართველო ფორუმის მასპინძელი რომ გახდებოდა, თეირანში გამართულ კონგრესზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდა. საქართველოს კონკურენციას უწევდნენ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციები”, – განაცხადა საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან მელაძემ.

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტებს განსაზღვრავს და ნაციონალური თუ მსოფლიო ტრენერების მომზადებას უზრუნველყოფს.