გია ვოლსკიმ საქართველოსა და რუსეთში შვეიცარიის ელჩებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, ჰაიდი გრაუს და რუსეთში შვეიცარიის ელჩს, კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა.
შეხვედრაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს, ასევე იმსჯელეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე.
როგორც შეხვედრის შემდეგ გია ვოლსკიმ განაცხადა, ელჩებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, რაზეც საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასევე საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ვითარებაზე. ხაზი გავუსვით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციას. ვისაუბრეთ უსაფრთხოების თემებზე და განვიხილეთ შიდა პოლიტიკური ვითარება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.