გია ვოლსკი - ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია, რომ ნებისმიერი ობიექტური სასამართლოსგან ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ
გია ვოლსკი - ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია, რომ ნებისმიერი ობიექტური სასამართლოსგან ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელს ახალი პარლამენტის პირველი სხდომის შეფერხება არ შეუძლია.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის სარჩელი უსაფუძვლოა.

„აბსოლუტური ტყუილია, რომ სარჩელს, სარჩელის გარდა, კიდევ სხვა მექანიზმების გამოყენებას შეუძლია, შეაფერხოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მუდმივად  უნდა ტარდებოდეს არჩევნები, არა მარტო საქართველოში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, თუკი ოპოზიცია კმაყოფილი არ არის. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ქმედებას, იგი წინასწარ აკეთებს განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებაზე, თუმცა სარჩელი იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია, რომ უნდა ველოდოთ, რომ ნებისმიერი ობიექტური სასამართლო მიიღებს ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას. ვერ წარმომიდგენია, რომელმა სასამართლომ უნდა თქვას, რომ ფურცელზე გამოჟონილი წერტილით შეგიძლია გამოიცნო, რომელ პარტიას ვინ მისცა ხმა, შეგიძლია, დაინახო ის, მიუხედავად იმისა, რომ ყდაშია ფურცელი ჩადებული და თუ მეორე მხრიდან რაღაც წამიერი გამოჩენა არსებობს აპარატში შესვლის დროს, „ქართულ ოცნებას“ დაქირავებული ჰყავს ათეულათასობით ფენომენალური ნიჭის ადამიანი, რომელსაც ბიულეტენის მეორე გვერდიდან გამოჟონილი წერტილის მეშვეობით შეუძლია, წამიერად დააფიქსიროს, რომელი პარტიისთვისაა ხმა მიცემული. ან 300 ათასი ადამიანი ჩართულია კონსპირაციაში, ათასობით ობიექტზე დადიან და სხვის მაგივრად აძლევენ ხმას. იმდენად დიდი აბსურდია, რომ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რათა მოახდინონ საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია. დღეს მათი პოზიცია ამაზეა ფიქსირებული. სამწუხაროა, რომ დასავლეთში ამ სტრატეგიას ზოგი ვერ იგებს და სიღრმისეულად ვერ ხვდება, ზოგი კიდევ პირდაპირ ჩართულია ასეთი სტრატეგიის დაგეგმვაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.