გია ვოლსკი - ზელენსკის არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო
გია ვოლსკი - ზელენსკის არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო

არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. ეს არის რეალობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

ვოლსკის დაუსვეს კითხვა, როგორ შეაფასებდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ „ბელარუსსა და საქართველოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში მიათრევენ“.

„ზელენსკის განცხადება პირველი არ არის. მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, ხალხს მოუწოდებდა, ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერული რეისებით მოხალისეები არ გაუშვა და ომში არ ჩაერთო. მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია. სამწუხაროა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა, ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე. განსხვავებას თუ ვერ ახერხებ, ეს საფუძველია, ვიფიქროთ, რომ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რაც მიმართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, რომელსაც საქართველოში რევოლუცია სურს, რათა საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.