გია ვოლსკი - ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა მოეთხოვება ქვეყნის წინაშე, ევალება, არ დაუშვას დაპირისპირების ის ხარისხი, რომელზეც ბევრი ოცნებობს
ძალიან ნათელია ამოცანა, პოლიციამ შეინარჩუნოს სტაბილურობა და არ დაუშვას კანონის დარღვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა თბილისში ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციებზე კომენტირებისას.
მისი თქმით, შესაძლოა, ფილმის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები იყოს, თუმცა შესაბამის ორგანოებს ევალებათ, დაპირისპირება არ დაუშვან.
„არ დაიჯეროთ, რომ პოლიციაში, სამართალდამცავებში ან პოლიტიკურ გუნდებში განსხვავებული აზრები არ არსებობდეს ამ ფილმთან დაკავშირებით. ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა მოეთხოვება თავისი ქვეყნის წინაშე, ევალება, არ დაუშვას დაპირისპირების ის ხარისხი, რომელზეც ბევრი ადამიანი ოცნებობს და არ დაუშვას კანონის დარღვევა, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს ერთნაირ უფლებას ქვეყანაში. ჩემი პირადი ემოციური დამოკიდებულება სხვა არის, მაგრამ ვალდებულება არის თემა, რომელსაც ქვეყნის წინაშე უნდა ვასრულებდე. არავის ეგონოს, რომ საქართველო გამონაკლისია განვითარებულ დემოკრატიებს შორის, სადაც საზოგადოებას შორის აზრთა ასეთი სხვაობა ამ ფორმით არის გამოვლენილი. ამისგან ტრაგედიას ნუ შევქმნით, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, კანონი არსებობს და მისი დაცვით ვფასდებით და ჩვენი მოქმედებები მომავალი თაობისთვის სამაგალითო უნდა იყოს. ვფიქრობ, სწავლა-განათლებით არის შესაძლებელი საწინააღმდეგო აზრის ნაწილის დაძლევა, რაც საზოგადოების ერთ ნაწილს გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ცუდი დღე დაადგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.