გია ვოლსკი - ყველა სტანდარტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მოითხოვა, გათვალისწინებულია კანონმდებლობაში, ყველა შერჩეული მოსამართლე ამ სტანდარტებს არის დაქვემდებარებული
ყველა სტანდარტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მოითხოვა, გათვალისწინებულია კანონმდებლობაში, ყველა შერჩეული მოსამართლე ამ სტანდარტებს არის დაქვემდებარებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხთან აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
„მთავარი თემა ის არის, რასაც ჩვენ სიღრმისეულ ანალიზს ვუკეთებთ. ამაში უნდა ჩაიხედოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და იმ ადამიანებმა, ვისაც ამ თემაზე სრული ინფორმაცია არ გააჩნია. ამ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაოა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოსთან, სხვა საელჩოებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა სტანდარტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მოითხოვა, გათვალისწინებულია იმ კანონმდებლობაში, რომელიც იყო მიღებული პარლამენტის მიერ. ყველა შერჩეული მოსამართლე ამ სტანდარტებს დაქვემდებარებულია და გადაწყვეტილებები არის მიღებული, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ არა მხოლოდ დაიმკვიდროს ის ადგილი, რაც გააჩნია მსოფლიოში, საკმაოდ მოწინავე პოზიციაზე, არამედ კიდევ უფრო გააუმჯობესოს. თუ რაიმე პრობლემები ამ თემაზე შეიქმნება და კითხვები იქნება, ამას სისტემამ უნდა უპასუხოს. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, რეიტინგებით, დამოუკიდებლობის ხარისხით საქართველო პირველ ოცეულშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილება უაღრესად გულდასაწყვეტია.