გია ვოლსკი - ყველა რესურსი ამოწურეს და ახლა ამბობენ, საგამოძიებო კომისია თუ არ შეიქმნა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ კავშირი აქვს ქოლცენტრებთანო, დასაშვებიც არ არის, ხელისუფლებას კავშირი ჰქონდეს ასეთ უმსგავსო საქციელთან
ყველა რესურსი ამოწურეს და ახლა ამბობენ, საგამოძებო კომისია თუ არ შეიქმნა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ კავშირი აქვს ქოლცენტრებთანო. დასაშვებიც არ არის, „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას რაიმე კავშირი ჰქონდეს ასეთ უმსგავსო საქციელთან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ყველა საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„როგორ შეიძლება, ყველა თემაზე საპარლამენტო კომისია შეიქმნას, რათა უპირატესობა მოიპოვოს ამ უნიათო რაღაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომ რაღაცით გამოჩნდნენ. ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ აქვთ არანაირი მიმართულებით – არც პოლიტიკური, ეკონომიკური, არც ჰუმანიტარული მიმართულებით. ყველა რესურსი ამოწურეს და ახლა ამბობენ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თუ არ შეიქმნა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ კავშირი აქვს ქოლცენტრებთანო. დასაშვებიც არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას და გინდ ცალკეულ პირებს, მინისტრების გვარებს რომ ახსენებენ ხოლმე, მათგან ვინმეს რაიმე კავშირი ჰქონდეს ასეთ უმსგავსო საქციელთან. საქმე იმაშია, რომ თვითონ სხედან ნაგავში, ტალახში, სიბინძურეში და ამ სიბინძურიდან, ტალახიდან, ჭაობიდან ამოსძახებენ ხოლმე რაღაცას და უნდათ, საზოგადოებამ ეს რეალურად მიიღოს. ამას არავითარი მიზანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ რაღაც აღქმა შექმნას საზოგადოებაში, თითქოს ეს არის ბოლო ინსტანცია – ამ უნიათო ხალხით ჩამოყალიბებული საპარლამენტო კომისია, რომელსაც შეუძლია, რაიმე ჭეშმარიტება დაადგინოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.