გია ვოლსკი - ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც დესტრუქციის გზას მიჰყვება, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს
გია ვოლსკი - ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც დესტრუქციის გზას მიჰყვება, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

არჩევნებში რუსეთი უკვე ჩარეულია. ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც დესტრუქციის გზას მიჰყვება, სწორედაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის რისკებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის საგანგებო მნიშვნელობის ამოცანაა, რომ არჩევნები რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით ჩაატაროს.

„არჩევნებში რუსეთი უკვე ჩარეულია. ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც დესტრუქციის გზას მიჰყვება, სწორედაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ვინაიდან რუსეთის მთავარი ინტერესი არის კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაცია. რუსეთმა პირველი ეტაპი უკვე განახორციელა. ახლა თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს. მეორე ეტაპზე მის ინტერესს პოლიტიკური დესტაბილიზაცია და სიმყიფე წარმოადგენს. თავადაც სერიოზული პრობლემები აქვს და ეს არის მთელი მსოფლიოს პასუხი თავისი აგრესიული პოლიტიკის გამო. რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის.

მას განუსაზღვრელი რესურსი არ გააჩნია და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოში არავინ მეგულება, ვინც არ იცის, რომ რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას ახდენს და დესტრუქციული პროცესების განვითარებით არის დაინტერესებული. მმართველი გუნდის საგანგებო ამოცანაა, არჩევნების რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი აჩვენოს, რამაც მსოფლიო კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნოს, რომელია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის“, – განაცხადა ვოლსკიმ.