გია ვოლსკი - წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს პოზიციები არ შეუცვლიათ, მათ ადამიანურ დამოკიდებულებაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა
გია ვოლსკი - წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს პოზიციები არ შეუცვლიათ, მათ ადამიანურ დამოკიდებულებაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები რა პოზიციაზეც იდგნენ, იგივე პოზიციაზე დგანან დღესაც და არავითარი ცვლილება არ მომხდარა მათ ადამიანურ დამოკიდებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას, რომლის მიხედვითაც ზურაბ ადეიშვილმა მისწერა გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა პოლიტპატიმარია.

„ადეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება და მით უმეტეს, პოზიცია, რომელიც ფურცელზე არის გადატანილი, იმას გვიჩვენებს, რომ საშველი არ არის ამ პოლიტიკური ძალისთვის. რა პოზიციაზეც იდგნენ, იგივე პოზიციაზე დგანან დღესაც და არავითარი ცვლილება არ მომხდარა მათ ადამიანურ დამოკიდებულებაში. ღმერთმა ნუ ქნას, მათ ხელში მცირე ბერკეტი მაინც ჩავარდეს, ისევ იმ გზით წავლენ, რასაც ჭაკუა თავის დროზე ასრულებდა – წამება, ადამიანის ღირსების შელახვა, დამცირება, სიცოცხლის წართმევა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, გერმანული მხარე ამ თემას შესაბამისად შეხედავს, მაგრამ მთავარია, როგორი დამოკიდებულება და განწყობა ექნება ასეთი პოზიციის მიმართ საქართველოს საზოგადოებას.

„ადეიშვილი ერთია, რომელიც წერილს ხელს აწერს, მაგრამ მის გარშემო მწამებლების მთელი გუნდია, რომელთა დაკავშირებითაც სტრასბურგმა ახლახანს საქმეების ძიება დაასრულა და შესაბამისი ვერდიქტი გამოიტანა. 50-ზე მეტი საქმე იმას ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები მოკლა, აწამა და უფლებების ძირითადი ნაწილი წაართვა, მათ შორის ჯანმრთელობა. თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ჩვენი ოპონენტები, კიდევ ერთხელ არის ხაზგასასმელი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.