გია ვოლსკი - წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ რამდენიმე ასეული მეტრიდან საქართველოს დამიზნებული ჰქონდეს რუსული ტანკის ლულა, ამ ხალხის მხარდაჭერა შეცდომაა და იმავე შედეგს მოიტანს
წინა ხელისუფლებამ 2012 წლამდე ყველაფერი გააკეთა, რათა სულ რამდენიმე ასეული მეტრიდან საქართველოს დამიზნებული ჰქონდეს რუსული ტანკის ლულა. ეს უკვე გაკეთდა. ახლა იგივე შეცდომა მეორდება, ვინაიდან იმ ხალხის მხარდაჭერა, ვინც ეს გააკეთა, უშველებელი შეცდომაა და იმავე შედეგს მოიტანს, რაც 2008 წლის ომმა მოუტანა ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გარე ჩარევა, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას.
„შალვა პაპუაშვილი როცა ლაპარაკობს, რომ გარე გარე ძალების, გარე პოლიტიკური აქტორების და კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკური წარმომადგენლობების გავლენაა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი, მისი გამოგონილი ან პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანის შეხედულება ამ საკითხზე. ფაქტები დევს, მან ეს ფაქტები და საკითხების ჩამონათვალი წარმოადგინა. დანარჩენი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, არის თუ არა ეს ჩარევა. რასაკვირველია, არის და ამას არც არავინ მალავს. ეს არ არის ისეთი რამ, როცა შალვა პაპუაშვილი ადანაშაულებს ვინმეს, რომელიმე მხარეს და ეს რომელიმე მხარე უარყოფს განცხადებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. მოტივაცია ერთია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განაპირობებს საკმაოდ რთულ შედეგებს, განსაკუთრებით პატარა ქვეყნისთვის და საქართველოსთვის, რომლის ტერიტორია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რესურსია, თუ აქ რაიმე გავლენას ფლობ. ეს გავლენა რუსეთს ჩააბარა წინა ხელისუფლებამ. 2012 წლამდე ყველაფერი გააკეთეს, რათა სულ რამდენიმე ასეული მეტრიდან საქართველოს დამიზნებული ჰქონდეს რუსული ტანკის ლულა. ეს უკვე გაკეთდა. ახლა იგივე შეცდომა მეორდება, ვინაიდან იმ ხალხის, ვინც ეს გააკეთა და ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო, ვინც ადამიანის უფლებებზე ფეხით გადაიარა და სისხლიანი ჭრილობები დღეს არ შეხორცებულა, იგივე ადამიანებისთვის მხარდაჭერა უშველებელი შეცდომაა და იმავე შედეგს მოიტანს, რაც 2008 წლის ომმა, სავალალო და ტრაგიკული შედეგები მოუტანა ქვეყანას. შესწირეს ხალხი, სამოქალაქო პირები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ვაჟკაცი ბიჭები, რომელთა ცხედრები ბოლოს ბრძოლის ველზე დაყარეს. ადამიანებს გადაუარეს და ამ ვითარებაში გარე ჩარევა, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ შეიძლება მავნებელთა და საქართველოსთვის ამხელა ზარალის მიმყენებელთა მხარდაჭერა გარკვეული პოლიტიკური განცხადებებით, თუნდაც ქმედებებით და იმით, რომ კობახიძე არ მიიწვიეს გარკვეულ მიღებაზე, სადაც ტრადიციულად მიწვეულია ყველა ქვეყანა, მიუხედავად შიდა პოლიტიკური ვითარებისა. ზოგადად, ეს დემარში საქართველოს მიმართ, გინდაც მიღებაზე მიწვევა-არმიწვევის საკითხი, აშკარა და ღია მხარდაჭერა კოლექტიური „ნაცმოძრაობისადმი“, აბსოლუტურად შეუსაბამო და შეუფერებელია იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს. ჩვენი ინტერესია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენმა წინამორბედმა და დღეს ოპოზიციაში მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ინტერესის ბარიერად აღემართა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარი. ეს უკვე მოხდა და იგივე შეცდომის გამეორებას არ დაუშვებს ქართველი ამომრჩეველი. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს სწორედ ამ მდგომარეობას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად.
„ოპოზიციის უუნარობა რაც უფრო ნათელი ხდება, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე. უცხოელების განცხადებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.