გია ვოლსკი - ვიმედოვნებ, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევაზე დაწესებული სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ იქნება
გია ვოლსკი - ვიმედოვნებ, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევაზე დაწესებული სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე დაწესებული სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ იქნება.

როგორც ჟურნალისტებს ვილსკიმ განუცხადა, აქვს მოლოდინი, რომ საზოგადოების არც ერთი წევრი კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დაცვას უპასუხისმგებლოდ არ მოეკიდება.

„იმის მოლოდინიც მაქვს, რომ არანაირი სანქციის გამოყენება არ დაგვჭირდება, რადგან საშიშროება რეალურია, გავრცელების პერსპექტივა, სამწუხაროდ, არსებობს და არ მგონია, რომ საზოგადოებაში იყოს  ვინმე, ვინც თავის თავს, ახლობელს და საერთოდ საზოგადოებას არ მოუფრთხილდება. ამას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს 3000 ლარის ოდენობით, იურიდიულ პირებს კი 15 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრებათ.

აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

განმეორებითი ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

კერძოდ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემთხვევაში, სასჯელის სახედ გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.