გია ვოლსკი - ალბათ, ვანო მერაბიშვილმა გარკვეული პერიოდი უნდა აიღოს და დაფიქრდეს, რას აკეთებდა, რისთვის დაისაჯა და არის თუ არა სასჯელი ობიექტური
ვანო მერაბიშვილმა გარკვეული პერიოდი უნდა აიღოს და დაფიქრდეს, რას აკეთებდა, რისთვის დაისაჯა და არის თუ არა ობიექტური სასჯელი, რომელიც მის მიმართ იქნა გამოტანილი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ რევანშზე საუბრობენ, საზოგადოებას იმისი განცდის საფუძველს არ აძლევენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მოქალაქეებს უკეთესი პირობები ექნებათ.
„ასეთ პირობებში რა განცხადებას გააკეთებს მერაბიშვილი და როგორ შეაფასებს მიმდინარე პროცესებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს, ბრძოლა კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტებთან, ვისაც ასახელებს, შეიძლება სამართლებრივად ლეგიტიმურია, მაგრამ არალეგიტიმურია მორალურად. ალბათ, ვანო მერაბიშვილმა გარკვეული პერიოდი უნდა აიღოს და დაფიქრდეს, რას აკეთებდა, რისთვის დაისაჯა და არის თუ არა ობიექტური სასჯელი, რომელიც მის მიმართ იქნა გამოტანილი. მგონია, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ რევანშზე საუბრობენ, საზოგადოებას იმისი განცდის საფუძველს არ აძლევენ, რომ უკეთესი პირობა ექნებათ, თუ ოდესმე ხელისუფლებაში მოვლენ. ეს არის ის დამახასიათებელი ნიშანი, რაც მათ განცხადებას თანსდევს, მათ შორის ვანო მერაბიშვილისას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, როგორც ვოლსკი აცხადებს, ოპოზიციაში მიმდინარე ვაჭრობა აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა ქვეყნის ინტერესების გაერთიანებისკენ არ არის მოწოდებული.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის აზრით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დესტრუქციულ ქმედებებში ეჯიბრებიან.
„ოპოზიციაში ვაჭრობა რომ მიმდინარეობს და ეს ძალა ქვეყნის ინტერესების გაერთიანებისკენ არ არის მოწოდებული, ეს ვანო მერაბიშვილის კომენტარების გარეშეც კარგად ვიცით. მათ შორის განსხვავება ენერგიაშია, რაც თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად გააჩნიათ. მთავარი რაც აერთიანებთ – დესტრუქციაა. დესტრუქციის განსახორციელებლად კი სხვადასხვა რესურსი გააჩნიათ. მათ შორის არის ვანო მერაბიშვილი, თუნდაც, პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონდეს. ერთმანეთს მეტ-ნაკლებად დესტრუქციაში ეჯიბრებიან. ენერგია, რომელიც ქვეყანას უნდა მოახმარონ, გადაფარულია მათი ამბიციებით, რომ როგორმე, ხელისუფლების სადავე ჩაიგდონ ხელში”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რითაც საზოგადოებას აცნობა, რომ არ იქნება პარლამენტის წევრი და არც რომელიმე თანამდებობას დაიკავებს მომავალ მთავრობაში, არამედ ჩაერთვება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ასევე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციიდან პოლიტიკურ ვაჭრობაზე, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე უფრო ხშირად საუბარობენ, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზებაზე.