გია ვოლსკი - ვაკანტური საპარლამენტო თანამდებობები მალე დაკომპლექტდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვაკანტური საპარლამენტო თანამდებობები მალე დაკომპლექტდება.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია და ვაკანტური პოსტები უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება.
„ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. ვცდილობთ, რომ პარტიათა შორის დაპირისპირებასა და ბრძოლაზე გადავიტანოთ თემა, არადა, გადავხედოთ საზოგადოებას და ნახავთ, რომ არსებობს საწინააღმდეგო აზრები, ეს საწინააღმდეგო აზრები გამოხატული იქნება საარჩევნო ურნასთან“, – დასძინა ვოლსკიმ.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე თანამდებობა ვაკანტურია.
საპარლამენტო უმრავლესობიდან თამარ ჩუგოშვილისა და ზვიად ძიძიგურის წასვლის შემდეგ, ვაკანტური გახდა პირველი ვიცე-სპიკერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობები. ასევე ვაკანტურია სამი კომიტეტის – საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები, რადგან საპარლამენტო უმრავლესობიდან და თანამდებობებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს სოფო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ და მარიამ ჯაშმა.
ამასთან, ვაკანტური იქნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები, რადგან უმრავლესობიდან ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილიც წავიდნენ.