გია ვოლსკი - უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს, დესტაბილიზაციის გარდა, სხვა გამოსავალი არ აქვთ, ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას
უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დესტაბილიზაცია და ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პირიქით, მძიმე მდგომარეობა არის მსოფლიოში და ერთი საერთო ამოცანა უნდა იყოს, როგორმე სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი სამშობლო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვოლსკი ბოლო დღეებში თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.
„ზუსტად უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი როცა არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ამას უკვე რამდენი ხანია, ვამბობთ. არათუ თვეები, წლები მიმდინარეობს ასეთი პროცესების განვითარების მცდელობა. 2019-ში, 2020-ში, 2022-ში, ახლაც. ასე რომ, შეგვიძლია, კალენდარულად ჩამოვთვალოთ ის მძიმე და პროვოკაციული მოწოდებები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას ახასიათებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.
„არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ტრიბუნაზე, პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მოუწოდებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, იყვნენ აგრესიული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონის მიღების აუცილებლობაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.