გია ვოლსკი - უამრავი ადამიანი, ოჯახი, რომელმაც განიცადა „ნაციონალური მოძრაობის“ სადისტური მმართველობა, არ დაუშვებს, რომ დესტაბილიზაციის მომწყობი გაერთიანება წარმატებული იყოს
ფაქტია, რომ ბევრნი ვერ შეიკრიბნენ, ამის მიზეზი ცნობილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ, მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ადამიანები და ოჯახები, რომლებაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა საკუთარ თავზე გამოსცადეს, არ დაუშვებენ ამ პოლიტიკური ძალის წარმატებას.
„უმრავი ადამიანი, ოჯახი, რომელმაც განიცადა ეს სადისტური მმართველობა, რასაკვირველია, არ დაუშვებს, რომ ამ თემის ირგვლივ ეს პოლიტიკური გაერთიანება, დესტაბილიზაციის მომხრე, მომწყობი გაერთიანება როგორმე წარმატებული იყოს. ეს არ მოხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანზორ მელიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ ხაბეიშვილის აქცია ივანიშვილის ინტერესების გამტარებელია და ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ არ იცნობს მელიას განცხადებას, თუმცა ლევან ხაბეიშვილი არ შეიძლება, იყოს განხილული ვინმეს ინტერესების გამტარებლად.
„ზოგადად, აქცია, რომელსაც ხაბეიშვილი, ნებისმიერი სხვა ადამიანი ატარებს სწორედ იმ მიზნით, რასაც ჰქვია რაღაც შერყევა და სააკაშვილის ფაქტორის გარშემო ასეთი საზოგადოების გაერთიანება, რომელიც საქართველოს სტაბილურობის შერყევას ემსახურება, რასაკვირველია, ატარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს. ფაქტია, რომ ბევრნი ვერ შეიკრიბნენ, ამის მიზეზი ცნობილია. თავად ხაბეიშვილი გაუგებარი ფიგურაა. ის არანაირად არ შეიძლება, იყოს განხილული ვინმე ადამიანის, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის, ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის თუ სხვა პიროვნების ინტერესის გამტარებლად“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.