გია ვოლსკი - თამარ ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ, ქვეყანას პატიოსნად ემსახურა და არაფერი ჩაუდენია, რაც შეიძლება, გააფთრებული ბულინგის საფუძველი ყოფილიყო
თამარ ჟვანიას მიმართ ყველა ადამიანს სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ვინც იცის, რას ნიშნავს, ბულინგის ასეთი ინტენსივობა, რომელიც მან განიცადა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, თამარ ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
„რაც შეეხება დასავლეთის დამოკიდებულებას, ეს არის სიცრუე. დამოკიდებულება იყო ერთი – არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და არავითარი პრეტენზია ცესკო-ს მიმართ არ ჰქონიათ. უფრო მეტსაც გეტყვით, თანამდებობიდან გადადგა ის, ვინც სწორედაც მოახდინა ფალსიფიცირება ამ მონაცემების და რომელსაც დაეყრდნო საპროტესტო მოძრაობა. თამარ ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ და არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, პირიქით, თავის ქვეყანას პატიოსნად ემსახურა და არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რაც ასეთი გააფთრებული ბულინგის წინაპირობა და საფუძველი ყოფილიყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟვანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც ჟვანია აღნიშნავს, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.