გია ვოლსკი - სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მელია დამნაშავეა, მისჯილი ჰქონდა და უნდა დაეკავებინათ, უტიფრობაა სასამართლოში იმ საკითხით მისვლა, რომელიც, თავადაც იცი, რომ უშედეგოდ დამთავრდება
გია ვოლსკი - სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მელია დამნაშავეა, მისჯილი ჰქონდა და უნდა დაეკავებინათ, უტიფრობაა სასამართლოში იმ საკითხით მისვლა, რომელიც, თავადაც იცი, რომ უშედეგოდ დამთავრდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დანაშაული დაადასტურა.

მისივე თქმით, მთელმა მსოფლიომ იხილა, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი მელიას და სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა დიდი უტიფრობა იყო.

„აღქმების მთელი ინდუსტრია ჩამოყალიბდა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. აღმოჩნდა, რომ „რუსთავი 2“ წართმეული იყო, ისევე, როგორც სწორად იყო გადაწყვეტილება მიღებული სხვა საკითხებზე, რაზეც სურვილი ჰქონდათ, რომ პოლიტიკურ თემებში გაეყვანათ.

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს კაცი არის დამნაშავე, მისჯილი ჰქონდა და უნდა დაეკავებინათ. მიკვირს, რამხელა უტიფრობაა სტრასბურგის სასამართლოში იმ საკითხით მისვლა, რომელიც, თავადაც იცი, რომ უშედეგოდ დამთავრდება, რადგან მთელმა მსოფლიომ იხილა, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი მელიას. ამ საზოგადოებამ ნახა დანაშაულისთვის მიღებული რბილი გადაწყვეტილებაც, სამაჯურის მოხსნაც და სახელმწიფოს არევისა და ამოტრიალების მცდელობაც. რასაკვირველია, უნდა დაეკავებინათ და სტრასბურგს სხვა აზრი ვერ ექნებოდა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.