გია ვოლსკი - სიახლე არაფერია იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკაში ჩართული არიან, აღიარეს და განაცხადეს ის, რასაც დიდი ხანია, აკეთებენ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური გაერთიანების შექმნის დაანონსებით აღიარეს ის, რასაც სინამდვილეში დიდი ხანია, აკეთებენ.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ აქტივობაში ახალი არაფერია.
„სიახლე არაფერია იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკაში ჩართული არიან, თან რადიკალური ფრთის შემადგენლობაში. არათუ ჩართული არიან, არამედ ხშირ შემთხვევაში იმ სტრატეგიის ლიდერებადაც გვევლინებიან, რასაც რევოლუციური პროცესების განვითარება და დესტაბილიზაცია ჰქვია. თუ ისინი რაღაც პოლიტიკური გაერთიანების შექმნას აანონსებენ, ეს არ ნიშნავს, რომ გუშინ არ აკეთებდნენ ზუსტად იმავეს, რასაც პოლიტიკური აქტივობა ჰქვია, ეს ახალი არ არის. ის აღიარეს და განაცხადეს, რასაც დიდი ხანია, აკეთებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს.