გია ვოლსკი - შემაშფოთებელია, როცა ოკუპანტი, თავად კანონების დამრღვევი, ამ დონის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. საზღვრის დარღვევას, რასაც ადრე საყოფაცხოვრებო ფორმატში განიხილავდა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ შემაშფოთებელია, როცა ოკუპანტი, თავად საერთაშორისო რეგლამენტისა და კანონების დამრღვევი, საოკუპაციო ხაზების დამდგენი მხარე, ამ დონის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. საზღვრის დარღვევას, მაშინ, როცა მსგავსი თემები ადრე საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურ გადაცდომებად ჰქონდა მოხსენიებული.
„რიტორიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია და მაღალ პოლიტიკურ დონეზე არის აყვანილი. აქედან გამომდინარე, შემაშფოთებელია, როცა ოკუპანტი, თავად საერთაშორისო რეგლამენტისა და კანონების დამრღვევი და უკანონო საოკუპაციო ხაზების დამდგენი მხარე, ამ დონის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რასაც ადრე საყოფაცხოვრებო ფორმატში განიხილავდა – ე.წ. საოკუპაციო ხაზის, მათი აზრით, „საზღვრის“ დარღვევას. ხაზს უსვამს ამერიკისა და საქართველოს რაღაც პოლიტიკურ გაერთიანებას რუსეთის წინააღმდეგ.
ეს არის მცდელობა, რომ სერიოზული შიდა პრობლემები გარეთ გამოიტანოს და რუსეთის მიმართ საფრთხის ილუზია შექმნას იმით, რომ ვთქვათ, სადღაც მონადირე დააკავეს დაღესტანში და საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა ადამიანმა, რაც ხშირად ხდება იმის გამო, რომ ასეთი ხაზი, როგორც „საზღვარი“, სახელმწიფოთა შორის არ არსებობს. ეს განცხადებები ზედ ედება ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე განცხადებებს. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ასპექტებზე მიუთითებს მაშინ, როცა ეს თემები გარკვეულ საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურ გადაცდომებად ჰქონდა ადრე მოხსენიებული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ვოლსკი ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს საქართველოს და ასევე პარტნიორებს – აშშ-სა და ევროკავშირს.
„რაც შეეხება ოპოზიციას, მისი წარმომადგენლები ყოველდღიურად ცდილობენ, მედიისა და საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ იმ დანაშაულთაგან, რომლებიც ჩაიდინეს.
არა მხოლოდ დაუშვეს და ხელი შეუწყვეს რუსეთს, და თანაოკუპანტებად გამოვიდნენ, არამედ ხელი მოაწერეს იმ გადაწყვეტილებას საერთაშორისო დონეზე, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს რუსეთის მიერ ოკუპაციის აღსრულებაში. ეს არის დანაშაული. იმისათვის, რომ პოლიტიკური ფასი არ გადაიხადონ, უზნეო და უტიფარ განცხადებებს აკეთებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.