გია ვოლსკი - შალვა პაპუაშვილმა დისკრეციული უფლებამოსილებით გადაწყვიტა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი უნდა შეეცვალა, ამაში პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ
გია ვოლსკი - შალვა პაპუაშვილმა დისკრეციული უფლებამოსილებით გადაწყვიტა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი უნდა შეეცვალა, ამაში პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ

ხელისუფლებას გიორგი კეკელიძის, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია, შალვა პაპუაშვილმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილებით გადაწყვიტა, რომ, როცა გარკვეული ხანი გავიდა, ერთი ადამიანი მეორე ადამიანით შეცვალოს, ამაში პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11 წელი მუშაობდა და მას გაკეთებული საქმეებიც დაუფასდა.

„ვერ დამისახელებთ მის რომელიმე პოლიტიკურ აქტივობას, რომელსაც მის მიმართ კრიტიკა ან რაიმე ადმინისტრაციული ზომების გატარება მოჰყვა. ეს მაშინ, როცა 2012 წელს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ხელისუფლების საწინააღმდეგო რაიმე პოლიტიკური აქტივობა რომ გამოეჩინა, ძალიან სერიოზულ პასუხს აგებინებდნენ. ასეთი რამ ჩვენს პერიოდში არ მომხდარა. მომიყვანეთ მაგალითი, რომელი პოლიტიკური აქტივობა ჰქონდა ისეთი, როცა რომელიმე ჩვენგანმა მის საწინააღმდეგოდ რაიმე განაცხადა, ან მის შეხედულებებს დაუპირისპირდა, ან მის მიმართ ადმინისტრაციული ზომები მიიღო. საერთოდ, პოლიტიკური პოზიცია არავისთვის თავშესაფარი არ უნდა იყოს, ადამიანებმა საკუთარი ბანკიდან ფული მოიპარეს, სადღაც ოფშორულ ზონებში გადარიცხეს და საკუთარ ანგარიშებზე მიიღეს, ხოლო შემდეგ თავი პოლიტიკას შეაფარეს და თქვეს, ჩვენ იმიტომ დაგვდევენ, რომ პოლიტიკას ვეწევითო. გიორგი კეკელიძისგან არ გამიგონია, რომ ის ვინმემ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო დასაჯა. მისი პოსტი წავიკითხე, სადაც თქვა, რომ მართლაც 11 წელი ბევრია და ალბათ ამ ვითარებას შესაბამისი რაკურსით უნდა შევხედოთ. რას ამბობს ოპოზიცია, მნიშვნელობა არ აქვს – ოპოზიცია გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობებს იგონებს, რომელიც გიორგი კეკელიძეს ჰქონდა. ის მართლაც პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ არასდროს, არცერთი ნიშნით და არცერთი ნაბიჯით ხელისუფლებას გიორგი კეკელიძის, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია. შალვა პაპუაშვილმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილებით გადაწყვიტა, რომ, როცა გარკვეული ხანი გავიდა, ერთი ადამიანი მეორე ადამიანით უნდა შეცვალოს. ამაში პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.