გია ვოლსკი - სენატში გამოსვლისას ჯიმ ო’ ბრაიენმა თქვა, რომ შესაძლებლობა და რესურსი არ არსებობს, რუსეთმა საქართველოს საშუალებით სანქციებს გვერდი აუაროს
ჩვენი ოპონენტები თავიანთი მედიასაშუალებებით იმდენად დამწუხრებული არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ ბრაიენის განცხადებებით, რომ რაიმე ნეგატივს ეძებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, სენატში გამოსვლისას ჯიმ ო’ ბრაიენმა თქვა, რომ შესაძლებლობა და რესურსი არ არსებობს, რომ რუსეთმა საქართველოს საშუალებით სანქციებს გვერდი აუაროს.
„მან თქვა ისიც, რომ, რასაკვირველია, მომავალშიც უნდა დააკვირდნენ პროცესებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფრენები აღდგა. ბრაიენმა სენატში თქვა, რომ ქვეყნის არსებული რესურსი და თანამშრომლობა აბსოლუტურად მისაღებია და მაღალი დონის სტანდარტს შეესაბამება. ამ განცხადებების გამო კი ოპონენტებმა საქართველოში დიდი ტრაგედია შექმნეს და აღარ იციან, როგორ გადააფარონ ამ განცხადებას ფარდა. მან თქვა, რომ სისტემა მუშაობს, აწყობილია და თანამშრომლობა მაღალი დონისაა, რუსეთს კი არანაირი რესურსი გააჩნია, სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო გამოიყენოსო. მის მიმართ კითხვა დაისვა – ზედამხედველობის დამატებითი აუცილებლობა ხომ არ არის საჭირო ფრენების დაშვების გამო, რაზეც მან უპასუხა, რომ საჭიროა დამატებითი თვალყურის დევნა და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. აზიაში იქნება ქვეყნები თუ ევროპაში, დამატებით ყურადღებას საჭიროებს და ეს ყურადღება იქნება მუდმივი, ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი. ბრაიენის პასუხებმა პანიკაში ჩააგდო რადიკალური ოპოზიცია და მისი მედიის სერიოზული ნაწილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.