გია ვოლსკი - ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს და ეს არის რეალობა
გია ვოლსკი - ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს და ეს არის რეალობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საზოგადოების პანდემიისგან დასაცავად ორი გზა არსებობს.

როგორც მან „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას განაცხადა, რეგულაციების არჩევნებისთვის გამოყენება შუძლებელია ადამიანებზე ისეთი ზეწოლის გარეშე, რომ სახლიდან ვერ გამოვიდნენ. ვოლსკის თქმით, ამის დრო კი, წარსულს ჩაბარდა.

„თუ გინდა, საზოგადოება პანდემიისგან დაიცვა, ორი გზა არსებობს: ერთი – მთავრობას მოქმედების რესურსი მისცე და თავის ქმედებებზე პასუხი მოსთხოვო, მეორე – საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადო, რაც ხელს შეუშლის იმ პროცესების განვითარებას, რასაც ყველა ველოდებით საპარლამენტო არჩევნების სახით. ორი არჩევანია და ჩამოყალიბდით, რომელი გჭირდებათ. არჩევნებისთვის ვერაფერს გამოიყენებ. ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ხმა მისცეს „ნაცკლასტერს“, ხმას მისცემს „ნაცკლასტერის“ პოლიტიკურ გუნდს. რეგულაციებს ვერანაირად გამოიყენებ, თუ ამ ადამიანებზე ისეთ ზეწოლას არ მოახდენ, რომ სახლიდან ვერ გამოვიდნენ. ეს წარსულს ჩავაბარეთ. იყო დრო, როცა შეიძლებოდა, პოლიტიკურ ძალას საზოგადოებაზე გავლენა მოეხდინა. ამის აღარც რესურსი და არც სურვილი არ არსებობს. მით უმეტეს, არსებობს საერთაშორისო ზედამხედველობა, შიდა კონტროლს თავი რომ დავანებოთ. ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს და ეს არის რეალობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს. შესაბამისი ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მოქმედების ვადა შეიძლება, 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში მიიღო და განსაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი დადგინდა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია.