გია ვოლსკი - საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა სწორედ ის თანამდებობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს
საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა სწორედ ის თანამდებობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლკსიმ ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდება, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარისა მოსამართლეობის კანდიდატებზე.
„საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტი. არჩევნების პერიოდში ცესკო-მ კანონის შესაბამისად იმოქმედა და მას არ უკავშირდება ის, თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა ოპოზიციას. ვითომ, არჩევნების გაყალბება მოხდა და ამაში მონაწილეობას ცესკო იღებდა. საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა სწორედ ის პოსტი და პასუხისმგებლობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს, კონკრეტული პარტიები თუ გადაწყვეტენ, ასე გააკეთონ და მათ ინტერესებს დაუქვემდებარონ პოლიტიკური საქციელი. აქედან გამომდინარე, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც ჯერ თავს იკავებენ კონკურსში მონაწილეობისგან.
იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება საკვანძო საკითხები, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარის, მოსამართლეობის კანდიდატებზე, საგარეო თუ საშინაო კურსზე, სადაც ოპოზიციას ექნება ერთიანი პოზიცია. ეს არ არის ემოციით გამოწვეული, ეს არის სურვილი, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ იგრძნოს, რომ მასზე ზრუნავენ პოლიტიკური პარტიები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.