გია ვოლსკი - საზოგადოება არც ისეთი ბნელია, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილს ჰგონია, ხალხმა ზუსტად იცის, რომ დახმარება სჭირდება და ეს დახმარება უნდა მიიღოს
საზოგადოება არც ისეთი ბნელია, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილს ჰგონია. ხალხმა ზუსტად იცის, რომ დახმარება სჭირდება და ეს დახმარება უნდა მიიღოს იმ ბიუჯეტიდან, რომელსაც თავად ქმნის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამით ვოლსკი გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ საარსებო შემწეობებით მანიპულირებს.
როგორც პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ხელისუფლება ხალხს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ეხმარება განურჩევლად იმისა, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს.
„საზოგადოება არც ისეთი ბნელია, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილს ჰგონია. იმ ფონზე, როდესაც მისი მინისტრობის დროს უამრავ ადამიანს ციხეში მძიმე დაავადება ჰქონდა შეყრილი და ყურს არავინ იბერტყავდა, ჭიაბერაშვილმა გადაწყვიტა, რომ ცე ჰეპატიტის პროგრამა ჩამოიშალა. ამ „სიმართლეს“ რომ ადამიანი იტყვის, მის სხვა განცხადებებზე კითხვები ჩნდება. განა შეიძლება, რომ სახელმწიფომ საკუთარი ბიუჯეტის კონკრეტული ნაწილი არ მიმართოს კონკრეტული ადამიანების დასახმარებლად? განა საზოგადოებას განცდა აქვს, რომ ეს ბიუჯეტი ხელისუფლების ან მთავრობის კერძო საკუთრებაა? ყველამ კარგად იცის, რომ ბიუჯეტი სახელმწიფოს რესურსია, რომელსაც სწორედ ისეთი დახარჯვა უნდა, როგორც შექმნილი მდგომარეობა გკარნახობს. ხალხის ფულს ვხარჯავთ და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. არასდროს არავის შევეკითხებით, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს. არავინ არავის არაფერს დააყვედრებს. ხალხმა ზუსტად იცის, რომ დახმარება სჭირდება და ეს დახმარება უნდა მიიღოს იმ ბიუჯეტიდან, რომელსაც თავად ქმნის“, – განაცხადა ვოლსკიმ.