გია ვოლსკი - საწყენია, ასოცირების კომიტეტის დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს ოპონენტებმა იმის გამო, რომ მათი შესწორებები არ შევიდა ტექსტში
საწყენია, ასოცირების კომიტეტის დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს ჩვენმა ოპონენტებმა იმის გამო, რომ მათი შესწორებები არ შევიდა რეზოლუციის ტექსტში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, რეზოლუციის ჩავარდნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე არანაირ პრობლემას არ შექმნის.
„რასაკვირველია, გაგრძელდება ურთიერთობის ის რეჟიმი, რომელიც გვქონდა. უბრალოდ საწყენია, რომ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ჩვენმა ოპონენტებმა იმის გამო, რომ მათი შესწორებები არ შევიდა რეზოლუციის ტექსტში. მიზეზი იყო ერთადერთი, რომ რეზოლუციაში ოპოზიციამ შემოიტანა თემები, რომელიც ეხებოდა გიგი უგულავას საკითხს. მხარი არ დაუჭირეს ევროპელებმაც, ჩვენც მხარი არ დავუჭირეთ და მეტნი აღმოვჩნდით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.