გია ვოლსკი - სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა
გია ვოლსკი - სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდა და სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით მიიღებს გადაწყვეტილებას, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა.

გია ვოლსკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

„პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში მათი მმართველობის დროს იყო. კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებასაც, დაჭერასაც, წამებასაც, სიკვდილსაც და მათ გაპარტახებას, ქონების წართმევას ნამდვილად ისინი წყვეტდნენ ხელისუფლებაში. ეს დრო აღარ არის. სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა.

არც გიგი უგულავა და ოქრუაშვილი არ იქნენ უდანაშაულოდ ცნობილი და ამაში ხელისუფლებას არანაირი როლი არ მიუძღვის. არც არსებობს, მაშინ გვიკარნახეთ, რა მექანიზმი არსებობს, რათა ხელისუფლებამ სასამართლოდან გაათავისუფლოს ან საკნის კარი გაუღოს ნებისმერ კონკრეტულ ადამიანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და შეწყდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება.