გია ვოლსკი - საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა გლობალური მასშტაბის ურთიერთობებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველის პარტიის წარმომადგენლებმა დღეს ჩინეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე საგანგებოდ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, არამედ კონტინენტების ურთიერთობის რაკურსით, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობაზე და ამ რგოლში საქართველოში სტაბილურობის აუცილებლობაზე, რაც ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ძირითადი საკითხები ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს ეხებოდა, მაგრამ, ამავდროულად, ამ ყველაფერს პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა.
„საკითხი მნიშვნელოვანწილად ეხებოდა ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მაგრამ ამავე დროს, რასაკვირველია, ამ ყველაფერს პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა. ორი ქვეყნის თანამშრომლობა არ გამოიხატება მხოლოდ იმ ფორმატში, როდესაც ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე არის საუბარი. ეს არის გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის თემა, რომელშიც საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვან შენატანს გააკეთებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.